27 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
ბულინგი, თავდასხმა და ზეწოლა - ხელოვანების ნაწილი, რომლებმაც საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი არ თქვა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს

ბულინგი, თავდასხმა და ზეწოლა, რომელზეც ანსამბლ "მართვეს" სამხატვრო ხელმძღვანელი საუბრობს, ბოლო პერიოდში იმ ხელოვანებზე ხორციელდება, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. მიშო ჯავახიშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და ამბობს, რომ დაუშვებელია, კულტურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, იგივე პოზიცია აქვს ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით შანიძის თქმით, ახლა ხელოვანების ერთად დგომის დროა. 

შეურაცხყოფა და შანტაჟი მიუღებელია იმ მუსიკოსებისთვისაც, რომლებიც საახალწლო ღონისძიებებში არ მონაწილეობენ. ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და განსხვავებული პოზიციების გამო, ერთმანეთის ბულინგი დაუშვებელია.

ხალხის დაბულინგება და შანტაჟი ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა- ასე ეხმაურება ხელოვანებზე გახშირებულ თავდასხმებს ანსამბლი "ერისიონი", რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მსგავსი შინაარსის პოსტები გაავრცელეს სხვა მომღერლებმა და მუსიკოსებმაც.

ხელოვანებზე თავდასხმასა და ბოლშევიზმს შორის პარალელი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ გაავლო. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტია სხვას სიმღერა აუკრძალო თავად კი ზეიმობდნენ. ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავენ, თუმცა ბულინგს ემიჯნებიან ოპოზიციაში.

ჯერ წერილობით, შემდეგ კი სიტყვიერად საკუთარი პოზიციების დაფიქსირება ხელოვანებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ მიმართ ზეწოლისა და ბულინგის კამპანია დაიწყო.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები