27 დეკემბერი 2024,   09:09
ვრცლად
SJC: კრიზისის გადასაჭრელად აუცილებელია, შეიცვალოს მენეჯმენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისა და მისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებისთვის აუცილებელია, მაუწყებელში შეიცვალოს მენეჯმენტი და მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.

ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საყოველთაო მშვიდობიანი პროტესტებისა და წინააღმდეგობის კიდევ ერთი ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებელია, სადაც მოქალაქეთა თვითორგანიზებული ჯგუფები ღია ეთერის დათმობასა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გადაცემებში საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების სათანადო გაშუქებას მოითხოვენ. საზოგადოების მხრიდან პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმებული სტუმრები გადაცემაში ყოველდღიურად მიიწვიოს და მათ დაახლოებით 1 ან 2 საათი დაუთმოს. მიუხედავად ამისა, ერთი მხრივ, არ არის ცხადი, რამდენად სტაბილური იქნება ეს ფორმატი, მეორე მხრივ კი ბუნებრივია, ამგვარი მსჯელობებისთვის მხოლოდ 1 ან 2 საათი დათმობა დღეღამეში არასაკმარისია და ვერ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს. ამ გადაცემებზე დაკვირვებაც აშკარად ცხადყოფს, რომ წამყვანები ავლენენ მიკერძოებას და შესაბამისად, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო სიკეთის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა, საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება და პლურალისტური, პროგრესული საზოგადოებრივი დისკუსიების წახალისება. საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არ უნდა ექვემდებარებოდეს არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.

წლების განმავლობაში, ტელევიზიის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებიან და ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მუშაობენ, რაც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი გადადგეს და მაუწყებელი დაუბრუნდეს მის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს. ეს ცვლილება არსებითია მაუწყებლის საქმიანობის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებისთვის და ასევე კრიზისის დაძლევისა და დეპოლარიზებაზე მიმართული პროცესის ხელშეწყობისთვის", -აღნინშულია განცხადებაში.

დღის ამბები