ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება გასცა. თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომელთაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები აქვთ, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ყოფნისთვის, 180 დღის განმავლობაში.
"დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველ მფლობელებზე აღარ გავრცელდება სავიზო რეჟიმის გამარტივება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ურთიერთობებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე მოგზაურობისას.
ევროკომისია წერს, რომ ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.
"იმისთვის, რომ ამ ე.წ. ლურჯ პასპორტებზე, დიპლომატიურ პასპორტებზე შეაჩეროს ევროკავშირმა ეს პროცესი, ამისთვის რამდენიმე სამართლებრივი საფუძველია აღნიშნული ამ ხელშეკრულებაში. მათ შორის არის ჯანდაცვის მდგომარეობიდან გამომდინარე ან სხვა ტიპის სამართლებრივი საფუძვლით ამ ხელშეკრულების შეჩერების დაინიცირება. ევროკომისიას ჯერ ეს პროცესი არ დაუწყია, იმ გაგებით, რომ ეს სამართლებრივი საფუძვლები ჯერ არ წარმოუდგენია, ამიტომ ჯერ ალბათ რთული იქნება შეფასება. დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას და ამითაც ეს პროცესი არ სრულდება. ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ისევ მინისტრთა საბჭომ უნდა განიხილოს და იქაც შემდეგ არის საჭირო ხმების საკმარისი რაოდენობა, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ შეწყვეტა ამ ურთიერთობის, რომელსაც ძალაში შესვლამდე რაღაც პერიოდი დასჭირდება, ეს გრძელვადიანი პროცესია და ნუ გავასწრებთ მოვლენებს," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.