25 დეკემბერი 2024,   20:23
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი - კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ვულოცავ მისი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს - ვუსურვებ სულის სიმტკიცეს, მხნეობას და მისი სანუკვარი ოცნებების ახდენას, მოესწროს ერთიან, მთლიან და გამარჯვებულ საქართველოს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე.

მისი თქმით, უწმინდესმა წმინდანის მოშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული საღმრთო მისია, ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აეღორძინებინა იგი, ვითარცა შეშვენის ქართველ ერს.

,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს ილია მეორეს ვულოცავ მისი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს!

უდიდესია ამ დღის სიხარული და მადლიერება, რომელიც წლიდან წლამდე მატულობს და ძლიერდება. ღმერთმა მოგვცა უდიდესი წყალობა, რათა თითქმის ნახევარი საუკუნე გვეცხოვრა პატრიარქ ილიას მწყემსმთავრობის ქვეშ. განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე.

მან წმინდანის მოშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული საღმრთო მისია, ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აეღორძინებინა იგი, ვითარცა შეშვენის ქართველ ერს. ჩვენმა პატრიარქმა თავისი ღვაწლი საბჭოთა მმართველობისა და ათეიზმის მძიმე ეპოქაში დაიწყო და ურთულეს წლებში გამოატარა მისი საყვარელი ერი, როგორც ჭეშმარიტმა მამამ და წინამძღოლმა. ეს მოვალეობა მის ინტრონიზაციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც გამოჩნდა: "მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი, და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა".

დღევანდელი 25 დეკემბერი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჩვენი პატრიარქის მმართველობა საქართველოს ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი. აქამდე ეს ტიტული მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე აფხაზეთის დიდ კათოლიკოსს გრიგოლ მეორეს ეკუთვნოდა, რომელიც 46 წელი მართავდა სამწყსოს.

ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს და მისი სანუკვარი ოცნებების ახდენას, მოესწროს ერთიან, მთლიან და გამარჯვებულ საქართველოს! - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები