ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არ აღიარებენ 14 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებს და პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება. პოლიტიკურმა გუნდებმა ერთობლივი განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
მათი თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია და არ აღიარებენ მის მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც. გარდა ამისა, ისინი დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"მოვითხოვთ, საქართველოსა და ევროპული მომავლისათვის მებრძოლი პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია.
არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, ოპოზიციის სახელით.
"ერთიანობა -ძლიერი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რა პროცედურაც არ უნდა წარიმართოს 14 დეკემბერს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, კვლავ სალომე ზურაბიშვილი დარჩება ოპოზიცია კი პროტესტს გააგრძელებს.
"ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც სრული ლეგიტიმაცია აქვს და ვთვლით მას ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14-ში და რა პროცედურაც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიქნებით პროტესტში. ჩვენ ასევე გვექნება პრეზიდენტთან და სხვა კოლეგებთან საუბარი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამ შეხვედრას არ ესწრებოდა გიორგი გახარიას გუნდი, თუმცა პარტია "საქართველოსთვის" სახელით იგივე შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა. ტექსტში წერია რომ შექმნილი კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად აუცილებელია ორი მთავარი პირობის შესრულება - დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.