პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაიწყო.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა დამტკიცდეს, იქამდე კი მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის წევრებმა მომდევნო წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები წარადგინონ, რომელიც საბოლოო დოკუმენტში აისახება.
მისივე თქმით, სამოქმედო გეგმაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით განსახორციელებელ აქტივობებზე. სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს თითოეული აქტივობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი კომიტეტის წევრი.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, კომიტეტი დიასპორის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.