21 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
დედაქალაქის ცენტრის ჩახერგვა და ხელოვნური საცობების შექმნა, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია - ვის უქმნის ოპოზიცია დისკომფორტს ხელისუფლებას თუ მოქალაქეებს

წინააღმდეგობის მოძრაობის ინიციატორებმა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ვარაზისხევის პარალიზების გადაწყვეტილება გასულ საღამოს 20:00 საათისთვის მიიღეს და დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა გადაკეტეს. გზა მიკროავტობუსებით ჩახერგეს, სავალ ნაწილზე კი კარვები გაშალეს.

24-საათიანი უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილება, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა, ვაკის პარკიდან, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობის დროს მიიღეს. გეგმა შეცვალეს და უნივერსიტეტის შეჩერდნენ. მელია გვარამიას კოალიციის წევრებს სულ მალე მსვლელობით სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეუერთდნენ. მსვლელობის ტრაექტორია მათაც შეცვალეს და პარლამენტის ნაცვლად უნივერსიტეტის წინ მყოფებს შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ვარაზისხევის და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე გაჩერდნენ- დაანთეს კოცონი, გაშალეს მცირე და დიდი ზომის კარვები, მიიტანეს თბილი პლედები და ე.წ. პარალონები.

ამ წუთიდან კი, დედაქალაქის ერთ-ერთ საკვანძო გზაჯვარედინზე პირველი დაპირისპირება იწყება. ხელოვნურად შექმნილმა საცობმა მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. აქციის მონაწილეებს ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ ფეხით მოსიარულეებიც. იყო სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა.

საცობის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ ავტომობილები, მიკროავტობუსები და ავტობუსები. იყო სიტყვიერი დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი. მოქალაქეები თავისუფალ გადაადგილებას ითხოვდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მათ პროტესტში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ხმის გამაძლიერებლები მიიტანეს. ორგანიზატორები საკუთარ მხარდამჭერებს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკით, ცხელი ჩაით და ალკოჰოლური სასმელით ამხნევებდნენ, საპროტესტო ხმაურმა კი ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.

ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია. კარვებში კი ღამით მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი დარჩა. დილიდან პროტესტის მონაწილეებმა, ვარაზისხევი სავსე ტომრებით ჩახერგეს, ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტიდან გამოტანილი სკამებით გადაკეტეს, რომელთა ნაწილი შემდეგ დაშალეს და ცეცხლის დასანთებად გამოიყენეს.

ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, პროტესტის ახალ ფორმას ოპოზიციამ გუშინ მიმართა. 24-საათიანი უწყვეტი აქციის პირველ ლოკაციად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

 

დღის ამბები