21 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
გამოძიებისადმი უნდობლობა და საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა - ოპოზიციის ლიდერები პროკურატურისთვის ფაქტების წარდგენაზე კვლავ უარს ამბობენ

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს. საუბარია არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე, რომლის ფარგლებშიც, პროკურატურამ გამოკითხვაზე ამჯერად მამუკა ხაზარაძე, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნათია მეზვრიშვილი დაიბარა. ოპოზიციონერი ლიდერები ირწმუნებიან, რომ მათ საარჩევნო მანიპულაციების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება აქვთ, თუმცა ამ დოკუმენტებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე წარადგენენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე კონკრეტულ ფაქტებს ვერც სასამართლოს წინაშე წარადგენენ, რადგან ოპოზიციას მტკიცებულებები არ გააჩნია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მხოლოდ სხვადასხვა მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ.

პროკურატურასა და სასამართლოში, ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს ბარიერგადალახული პარტიების ნაწილი და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებამ თავად უნდა მოიპოვოს.

გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების უგულებელყოფაა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს ოპოზიციას პასუხისმგებლობის აღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში- პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს. პროკურატურაში გამოკითხვაზე პირველი პრეზიდენტი დაიბარეს. მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდეს ზურაბიშვილს საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუმცა პრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დღის ამბები