03 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ცესკო - "გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული" 

ცესკოს თავმჯდომარეზე გავრცელებულ ინფორმაციას, საარჩევნო ადმინისტრაციაში ეხმაურებიან. ცესკოში სიცრუეს უწოდებენ, გიორგი კალანდარიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას კავშირები რუსეთთან აქვს.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება ყალბი დოკუმენტები, სადაც რუსულ კომპანიასთან დადებული შეთანხმებაა ასახული:

"ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და რუსული კამპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. საარჩევნო ადმინისტრაციას, აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის, არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია. მეორე საკითხი, რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება.

დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, აღნიშნული პირის აკრედიტაციის კანონი დაარღვია და ამის საფუძველი, ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია გაცემულია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით.

გიორგი კალანდარიშვილს, ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს და არასოდეს უსწავლია რუსეთში და არც არასოდეს ყოფილა აღნიშნულ ქვეყანაში. ნათელია, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ. მაშინ, როდესაც უშუალოდ საარჩევნო პროცესში არსებით დარღვევასთან დაკავშირებით ვერ მოიძებნა ვერანაირი მტკიცებულება, დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დოკუმენტების გამოყენებით ცდილობენ,"- აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

 

 

დღის ამბები