ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან მოწოდებების შემდეგ და ცესკოს მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაიწყო. უწყება პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეისწავლის. გამოკითხვას ყველა პირს, რომელიც სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე საუბრობს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა ოპონენტების ბრალდებებზე, რომელიც მისივე განმარტებით, არა ფაქტებს, არამედ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეფუძნება, რაც მარტივად დასტურდება. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სწორედ გამოძიების შედეგად გაირკვევა, რეალურად აქვს თუ არა ოპოზიციას კონკრეტული მტკიცებულებები.
საგამოძიებო უწყებაში უკვე დაბარებულია პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. პროკურატურას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მტკიცებულებები საჯაროა და ის საგამოძიებო უწყებამ თავად უნდა მოიპოვოს.
სალომე ზურაბიშვილს ბარიერგადალახული 4-ვე სუბიექტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ოპოზიცია, ერთის მხრივ ამტკიცებს, რომ გაყალბების უამრავი მტკიცებულება აქვს, მეორეს მხრივ კი ამბობს, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, არგუმენტად პარტნიორების განცხადებებიც მოჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ ბორელმაც და ჯო ბაიდენმაც გამოძიების დაწყებისკენ სწორედ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს.
ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის უარი მმართველი გუნდისთვის აღიარებითი ჩვენებაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ გამოძიება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესშია და ყველა, ვინც გაყალბებაზე საუბრით ქვეყანას რეპუტაციულად აზიანებს, ვალდებულია, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი იმ უბნების ბათილად ცნობას ითხოვენ, სადაც კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარდა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მზად არიან მტკიცებულებების წარსადგენად, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ ამის ვალდებულება არ აქვთ, ვინაიდან ინფორმაცია საჯარო წყაროებითაც ხელმისაწვდომია.
სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, დაწყებული გამოძიება ერთის მხრივ მიანიშნებს, რომ ცესკოს დასამალი არაფერი აქვს, მეორეს მხრივ კი მიუთითებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, რომელმაც გაითვალისწინა პარტნიორების მოწოდებები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურისთვის ბრალდების ავტორებს უნდა მიემართათ, თუმცა მისასალმებელია, რომ ეს შუამდგომლობა თავად საარჩევნო ადმინისტრაციამ დააყენა. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია გაყალბების შესახებ ყველა ბრალდების გამოძიება მოხდეს და საპირისპიროს დადასტურების შემთხვევაში კონკრეტულმა პირებმა პასუხისმგებლობაც აიღონ.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება - პროკურატურამ გამოძიება ამ კონკრეტული მიმართულებით დაიწყო. უწყებაში პარალელურად მიმდინარეობს ცალკეული სამართალდარღვევების გამოძიებაც.