უკანონო მიგრაციის ზრდა, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, უვიზო მიმოსვლის წესის დარღვევა და ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხოების რისკების მატება - ეს ის ოთხი ძირითადი კრიტერიუმია, რის გამოც ევროკავშირმა შესაძლოა ასპირანტ ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, საქართველო ყველა კომპონენტს სტანდარტების მიხედვით აკმაყოფილებს. შესაბამისად, ოპონენტების მხრიდან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი ადასტურებს, რომ ოპოზიცია არჩევანის გაკეთების გამო საქართველოს მოქალაქეების პირდაპირ დასჯას ითხოვს.
ის, რაც მმართველი გუნდისთვის მოქალაქეების დასჯასთან ასოცირდება, დასაშვებია "ნაციონალურ მოძრაობასთან" საარჩევნო ალიანსში მყოფი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერისთვის. გიორგი ვაშაძემ, დღეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების საკუთარი ვერსიაც კი გააჟღერა. თქვა, რომ არჩევნები და მისი შედეგი ევროგაერთიანებას მსგავსი რადიკალური ქმედებისკენ უბიძგებს.
ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვისთვის საჭირო კრიტერიუმებზე დეტალური საუბარი არ სურს კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერს. თუმცა, ნიკა გვარამიას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება არ გაუკვირდება. გვარამია დასაშვებად მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა არა დადგენილი წესების, არამედ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მიიღოს.
ოპონენტების პოზიცია მმართველ გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ოპოზიცია, საპროტესტო მუხტის ასაწევად მზადაა თანამოქალაქეების დასჯასაც კი დათანხმდეს. სახელისუფლებო პარტიიდან, დღეს, ევროპელ პარტნიორებს საქართველოს მხრიდან ყველა მიმართულებით პროგრესიც შეახსენეს. თქვეს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რეფორმებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით წევრ ქვეყნებს უტოლდება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე ფიქრიც კი მიზანმიმართული თავდასხმის ტოლფასია.
საპარლამენტო არჩევნებიდან 4 დღე გავიდა. ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს, ქუჩის პროტესტს აანონსებს და ამ მიზეზით, არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გამორიცხავს.