თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები საკითხი ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის იყო გამოყენებული, თუმცა საქართველოში გონიერი ხალი ცხოვრობს და ყველას შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი იმისა, რა ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო.
კალაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის და ურთიერთობები აუცილებლად დალაგდება.
"პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა, ეს იყო ცრუ კამპანია. ეს იყო იმ სიცრუის და სპეკულაციის ნაწილი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მოდიოდა. მცდელობა იყო, რომ არჩევნებში ეს მიმართულება გამოეყენებინათ ისევ ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა, საქართველოში გონიერი ხალი ცხოვრობს და ყველას შეუძლია გააკეთოს სწორი ანალიზი იმისა, რა ვითარებაში ვიმყოფებით დღეს. რა ხდება რეგიონში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და ა.შ. შესაბამისად, საზოგადოება კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დღის განმავლობაში. მე არ მეგულება ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი სამშობლო და არ უნდოდეს მშვიდობა. საუბარი არ მაქვს აგენტებზე და მოღალატეებზე.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან ნამდვილად არ არის მისაღები რაც დღეს არის. პირველი, ყველა განცხადებები არის სიცრუეზე და ტყუილზე დაფუძნებული. არ არსი სასიამოვნო და მისაღები, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია. როდესაც თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. ეს კატეგორიულად დამაზიანებელია ასეთი ურთიერთობებისთვის. ყველაზე მეტად ვინც ზიანდება ამ ყველაფრით, ეს არის დასავლეთი. ასეთი დისკრიმინაცია მიუღებელია, რადგან ჩვენ ხალხს ვეუბნებით, რომ გვინდა ევროპული მომავალი, ევროინტეგრაციის გზაზე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და თუ რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ურთიერთობების დალაგება მოხდება", - განაცხადა კახა კალაძემ.