საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამომრჩეველს მიღებული შედეგები მიულოცა, აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ისევ ლიდერობს და დღეს ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დაიწერა.
მისივე თქმით, ტრადიციად უნდა იქცეს, რომ ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლების გარდა ვერცერთმა პარტიამ გაიმარჯვოს.
"გილოცავთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ თქვენ, ვინც აქ ხართ. ქართველმა ხალხმა დღეს დაამტკიცა, ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერ მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს, ამიტომ ჩვენს ამაყ საქართველოს გაუმარჯოს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, მინდა დავიწყო ამომრჩევლით, საქართველოს თითოეული მოქალაქეს, ვინც გამოვიდა, მართლაც ქუდზე კაცი და დადო ეს შედეგი.
წეღან ვითვლიდით, ვინც ვიყავით შეკრებილები, კალკულატორით100 მანდატი გვექნება თუ არა, ჯერ დეტალებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენს აქტივს მოვუწოდებთ, რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე ადგილზე ვიყოთ, ეს მონაცემები ბოლომდე შევინარჩუნოთ, შეიძლება კიდევ მეტი იყოს, კიდევ უფრო ამაღლდეს ეს მონაცემი. ყველას დიდი მადლობა, ჩვენს პარტიულ ოჯახს, გულწრფელად დიდი მადლობა იმისათვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში თითოეული ჯარისკაცი აკეთებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
დღეს დაიწერა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი, სადაც ქართველებმა ვთქვით - ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლების გარდა, ვერავინ ვერასდროს გაიმარჯვებს, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერ ქართულს გაუმარჯოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.