21 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
უბნები დაიხურება 2 საათში და იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი უპირატესობა, აუცილებელია თითოეული თქვენგანი მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი - თინა ბოკუჩავა

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დიდი უპირატესობით ამარცხებს.

"ეს გვაძლევს რწმენას, რომ ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით. შეიძლება გააუქმოთ 1 ან 2 უბანი მარნეულში თუ სადმე სხვაგან, მაგრამ ვერ გააუქმებთ იმ დიდ, ეროვნულ, ევროპულ გამარჯვებას, რომელსაც ქართველ ხალხთან ერთად სულ რამდენიმე საათში ვიზეიმებთ. არჩევნებში იმარჯვებს ქართველი ხალხი, იმარჯვებს ქვეყნის ევროპული არჩევანი და მარცხდება "ქართული ოცნება".

ის ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ისტორიულ არჩევნებში, სადაც მოხდა მთელი საქართველოს კონსოლიდაცია, ივანიშვილი მარცხდება. უბნები დაიხურება ზუსტად 2 საათში და იმისთვის, რომ გვქონდეს ძალიან დიდი უპირატესობა, აუცილებელია, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც ჯერ არ ყოფილა საარჩევნო უბანთან, მივიდეს და გააკეთოს ევროპული არჩევანი. 2 საათში ჩვენ ერთად აღვნიშნავთ დიდი ეროვნულ გამარჯვებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, ყველა ერთად ვიყოთ თანამონაწილე ამ დიდი გამარჯვების," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

დღის ამბები