კომპანია “კონცენტრიქს ჯორჯიას“ დირექტორი, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას დღეს პირადად გამოეხმაურა. რა საფუძვლით მიმდინარეობდა ცენტრალურ ოფისსა და თანამშრომლების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები - ამ კითხვაზე პასუხს კომპანია გამოძიებისგან ელოდება. “კონცენტრიქს ჯორჯიაში“ კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ტრანსნაციონალური კომპანია დისტანციურად უწევს მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა კორპორაციებს და ბრენდებს, მათ შორის თურქულ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ
და გერმანულ ენებზე.
აქვთ თუ არა დასაქმებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა ბაზებზე წვდომა - კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ “კონცენტრიქსი“ საქმიანობას პერსონალური მონაცემების სრული დაცვით აწარმოებს.
თაღლითურ სქემებში “კონცენტრიქსის“ სახელის გამოყენების ფაქტები ცნობილია ამერიკელი სამართალდამცველებისთვისაც. ეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა ყალბი განცხადება მაღალანაზღაურებადი, დისტანციური დასაქმების შესახებ. უცხოური მედია ამ ფაქტთან დაკავშირებით წერდა რომ თაღლითები კომპანიის სახელს იყენებდნენ მოქალაქეებისგან პერსონალური ინფორმაციის მიღების და მათი საბანკო ანგარიშებიდან ფულის გამოძალვის მიზნით. თავად კომპანიის ვებ-გვერდზე ახლაც ხელმისაწვდომია გაფრთხილება, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა "კონცენტრიქსის" სახელით მოქმედი თაღლითური მაქინაციებისგან.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩატარდა “ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საცხოვრებელ მისამართებზეც. ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონები და პერსონალური კომპიუტერები. ფაქტს დღეს “ატლანტიკური საბჭოც“ გამოეხმაურა. ამერიკული ორგანიზაცია, ქართველი სამართალდამცველებისგან საქმეში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს. თავად კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოძიების ფარგლებში, ამჟამად მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ.
გამოძიების ფარგლებში თბილისის გარდა, ჩხრეკა ჩატარდა ქუთაისშიც, ვაჟა ტყეშელაშვილის საცხოვრებელ სახლში. ის ადასტურებს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიას ფლობს, თუმცა ე.წ. ქოლცენტრებთან და არალეგალურ საქმიანობასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა. უწყებაში ამბობენ, რომ საუბარია თაღლითობის მასშტაბურ სქემაზე.
საგამოძიებო უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. თაღლითობისა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. ბოლო წლებში, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე სისხლის სამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.