აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას, არჩევნებში მონაწილეობისა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს:
"ჩვენი აფხაზეთში დაბრუნებისა და ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან შერიგების შანსი, შეიძლება ნებისმიერ დროს გაჩნდეს. უკვე დიდი ხანია დადგა ამის დროს და ახლა მით უფრო. როცა ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანება სურს, რომლის მიზანიც არის მტრობით დანგრეული, სიყვარულით აღდგენა და გაერთიანება. თითოეული ჩვენგანის როლი კი ამ ყველაფერში სწორი არჩევანის გაკეთება და ხელშეწყობაა იმისათვის, რომ ჩვენს საერთო სურვილს უფრო და უფრო დავუახლოვდეთ. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რას ნიშნავს ომი, სისხლის ღვრა, ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი - მათ შორის მე, ჩემი ოჯახით თქვენთან ერთად გამოვიარე ის ტრაგედია და ტკივილი, რომელიც საქართველოში აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, მხოლოდ მშვიდობით უნდა დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში, იქ, სადაც ჩვენი ფესვებია და სადაც დღემდე ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი ცხოვრობს და გველოდება. მშვიდობის უზრუნველყოფა კი, ამ ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და მშვიდობითვე აუცილებლად გააერთიანებს საქართველოს," - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.