ჟიურის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ოქროს ღილაკი და ხელის თხოვნა სცენაზე - მეგაპროექტი "ნიჭიერი" მაყურებლის მოლოდინებს მეხუთე კვირაა ამართლებს. ყველა მონაწილისთვის საოცნებო ოქროს ღილაკი ამჯერად 21 წლის მარიამ მოსეშვილმა მიიღო. ბათუმელი მომღერლის სცენაზე გამოსვლა სპონტანურად მოხდა, ჟიურისა და მეგობრის თხოვნით. შესრულებული ნომრით კი ჟიური იმდენად აღფრთოვანდა, რომ ის პირდაპირ ნახევარფინალისტის სტატუსით აღმოჩნდა.
ყველაზე სახალხო პროექტის მეხუთე ეპიზოდი გამოირჩეოდა ემოციური და ექსტრემალური პერფორმანსებითაც. რაჭული ცეკვის შესრულების შემდეგ იყო ხელის თხოვნაც.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა "რუსთავი 2"-ის ეზოში თუ ფილარმონიის დიდ სცენაზე, მაყურებელში ინტერესი და შიში ერთდროულად აღძრეს. დასამახსოვრებელი იყო ასევე 7 წლის ნუცა საჩეჩელაშვილის შესრულებაც, რომელიც 2 წლის ასაკიდან მღერის.
საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეები ფილარმონიაში რამდენიმე თვიანი ქასთინგის შემდეგ მოხვდნენ.