21 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი - ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზრდება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024-2029 წლებში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, საქართველოში გამორჩეული იქნება. წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზრდება, ამ მონაცემით ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს შორის საქართველო უპირობოდ ლიდერობს. 2012 წელთან შედარებით, ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო შვიდეულში მეექვსე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი საუკეთესო სამეულში.

სავალუტო ფონდის გაანგარიშების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წელს 12 734 ამერიკულ დოლარს გადააჭარბებს. 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება. საშუალოდ, 10 წლიან პერიოდში, 2019-2029 წელს ფონდის პროგნოზით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამერიკულ დოლარში 10,4%-ით მოიმატებს. ზრდის ამ ტემპის დაფიქსირების შემთხვევაში, 2030 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 14 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს და საქართველო მაღალშემოსავლიანი სტატუსის ქვეყანა გახდება.

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, 5- წლიანი რეალური ეკონომიკური ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა და პროგნოზით ლიდერობას კიდევ 6 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დადებითი მაკროეკონომიკური პარამეტრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება. მმართველ გუნდში კი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის, მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.

 

 

 

დღის ამბები