2012 წლის 1 ოქტომბრის, ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობით, თავისუფლება დავიბრუნეთ და საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, - განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის თბილისში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, ხალხიც თავისუფალია შიშისგან.
"საფუძველი ჩავუყარეთ სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, დამოუკიდებელი მედია, ხელშეუხებელი ბიზნესი... შესაბამისად, ხალხი თავისუფლად სუნთქავს და აღარავის აქვს პოლიტიკური დევნის შიში. და მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“, მრავალი თვალსაზრისით, უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით და პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.