სოფელ ყულევში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, სადაც იქნება საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი უნდა გახდეს. საუკუნის პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე დღეს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა.
3 მილიარდი ლარი პირველ ეტაპზე, სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ კი, ქარხნის საერთო ბრუნვა 10 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საბოლოო ეტაპზე, Black Sea Petroleum-ი შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ საკუთარი პროდუქტების ექსპორტზე, მსოფლიო ბაზარზე გატანას.
ერთის მხრივ, ენერგოუსაფრთხოების გაზრდა, მეორეს მხრივ კი, ამ კუთხით ქვეყნის განვითარება რომ ამ პროექტის მთავარი მიზანია ეს დღეს კომპანია Black Sea Petroleum-ის დამფუძნებელმაც დაადასტურა.
აქამდე უცნობი პროფესიების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილებიც. პირველ ეტაპზე, ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება, საბოლოო ეტაპზე კი, მუშაობას 1000 ზე მეტი მოქალაქე შეძლებს.
ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 110 მილიონი დოლარია, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი, 700 მილიონ დოლარს აღწევს.
ავტორი:ნანა გოგატაძე