ცენტრალური საფრანგეთი, ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. სტიქია ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, დატბორილია გზები და შენობები. სტიქიის ზონიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ძლიერმა წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს. საფრანგეთის მთიან სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შედეგებთან გამკლავება უწევს სამძებრო - სამაშველო ჯგუფებს. სტიქიის მასშტაბის მიუხედავად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სინოპტიკოსების ცნობით, წყლის რაოდენობა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირდება, მაგრამ ხელისუფლება ხალხს სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებს.
სტიქიას ებრძვიან იტალიაშიც. ქვეყნის ჩრდილოეთით - ძლიერმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დატბორილია გზები, დაზიანებული და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, რამდენიმე დღით დაიხურა დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებები.