21 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ისრაელის პირველი სამიზნე ლიკვიდირებულია - 7 ოქტომბრის ტერაქტის მთავარი ორგანიზატორის, იაჰია სინვარის სიკვდილის დადასტურებას ისრაელის მოსახლეობა ზეიმით შეხვდა

ისრაელის პირველი სამიზნე ლიკვიდირებულია - "ჰამასის" მეთაურზე "ცახალი" და "მოსადი" ერთი წლის განმავლობაში ნადირობდა. 7 ოქტომბრის ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი, რომელმაც რეგიონი დიდ ომში ჩართო, თავს რაფაჰში ჰუმანიტარულ ზონას დაცვის ორ წევრთან ერთად აფარებდა. იაჰია სინვარი სწორედ დაცვის ამ ორ წევრთან ერთად გაანეიტრალეს.

სინვარის ისტორია 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის ორგანიზებით არ დაწყებულა. იაჰიამ ექსტრემისტული საქმიანობა გაცილებით ადრე 1982 წელს, 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც "ჰამასს" შეუერთდა. მან თავადვე განსაზღვრა ორგანიზაციაში საკუთარი ფუნქცია. სინვარმა სადამსჯელო სამსახური შექმნა, რომელიც ისრაელელ ჯაშუშებს ეძებდა. პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების დახოცვის გამო 1989 წელს, ისრაელის სასამართლომ მას, 4 სასიცოცხლო ვადა მოუსაჯა, თუმცა 2011 წელს მოლაპარაკებების შემდეგ ის ისრაელის საპატიმროს ტოვებს. 22 წლიანი პატიმრობის შემდეგ კი ის ტერორისტული ორგანიზაციის ყველაზე გავლენიან ფიგურად ყალიბდება.

ზუსტად მის პატიმრობას იხსენებდა მსოფლიო მედია გუშინ, როდესაც ცხედარი ღაზიდან ისრაელში გადაჰქონდათ. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ციხეში ყოფნის დროს სტომატოლოგებმა მისი ბიოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რითაც დღეს მისი იდენტიფიცირება მოხდა.

მსოფლიო DNM-ის ექსპერტიზის დასკვნას რამდენიმე საათი ელოდა. სიკვდილის დადასტურების შემდეგ, ისრაელის ქალაქებში მოსახლეობა მომხდარს სიხარულით შეხვდა.

არაერთგვაროვანი განცდები აქვთ ღაზაში მცხოვრებ დევნილებს. ტერორისტებს ანკლავში მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერს.

ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაციას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან და იმ ათასობით დაღუპულ ადამიანს იხსენებენ, ვინც ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაწყებულმა ომმა იმსხვერპლა.

შვიდი ოქტომბრის ტერაქტმა, რომელსაც 1200 ისრაელელი ემსხვერპლა, ახლო აღმოსავლეთში ომის პროვოცირება მოახდინა. ერთ წელიწადში ღაზაში 42 ათასი ადამიანია მოკლული, 100 ათასამდე დაჭრილია, მილიონობით კი დევნილად იქცა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები