21 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
არჩევნებამდე დარჩენილი 8 დღე და საარჩევნოდ მოგონილი ტყუილები - რას ემსახურება პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე გავრცელებული ბრალდებები

არჩევნებამდე დარჩენილი 8 დღე და საარჩევნოდ მოგონილი ტყუილები - რას ემსახურება პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე გავრცელებული ბრალდებები. "ქართული ოცნება" ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, გასული საარჩევნო წლების მსგავსად, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. გივი მიქანაძე ამბობს, რომ მათი ოპონენტები არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის წინასწარ ამზადებენ ფონს, ამ მიზნით კი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იტყუებიან, თითქოს "ქართული ოცნება" ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო მანიპულაციისთვის პირადობის მოწმობებს უკანონოდ აგროვებს. ბრიფინგზე დღეს არგუმენტად თამარ კორძაიას გუშინდელი პრესკონფერენცია დასახელდა.

თამარ კორძაია, ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 ბენეფიციარსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს. დღეს ის მედიასთან არ გამოჩენილა, არც სატელეფონო ზარებს უპასუხა, მის ნაცვლად ამ საკითხზე განმარტების გაკეთება "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებს მოუხდათ. პარტიაში ირწმუნებიან, რომ კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ოფიციალური უწყებების ნაცვლად, ფაქტებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს გადასცემენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ თავად წნორის თავშესაფრის ბენეფიციარები, ისევე როგორც დაწესებულის ხელმძღვანელი პირები.

პირადობის მოწმობის ჩამორთმევის საკითხზე ტყუილის მიზანმიმართულად გავრცელებაზე საუბრობს რუსთავის მერიც. ამ შემთხვევაში საქმე ერთ-ერთი მედიით გასულ რეპორტაჟს ეხება. ნინო ლაცაბიძის თქმით, ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს სახელისუფლებო პარტია პირადობის მოწმობებს ართმევს და შტაბში ინახავს. რუსთავის მერი აცხადებს, რომ ინტერვიუებიდან ამოჭრილი ფრაზებით რესპონდენტების ნათქვამი დაამახინჯეს. ის რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.

რუსთავის მერის ბრიფინგს, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, "მთავარი არხის" დამფუძნებელიც გამოეხმაურა.

მედიაში გასული რეპორტაჟის ერთი-ერთი მონაწილე კი ადასტურებს, რომ მისი ინტერვიუ ეთერში დამახინჯებული ფორმით გავიდა და ჟურნალისტმა რესპონდენტის ნათქვამის მანიპულირებით, მისთვის სასურველი რეალობა წარმოაჩინა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვენ გამოძიების დაწყებას "ისფედი", საერთაშორისო გამჭვირვალობა და საია, რომლებიც წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობების უკანონოდ გამოყენებაზე წინა დღეებშიც საუბრობდნენ.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობას კონკრეტული წყარო არც გასულ წლებში დაუსახელებიათ, როდესაც ე.წ. გაყალბებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით მათი განცხადებების საფუძველზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ფაქტების გარეშე სიცრუის ტირაჟირება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული NGO-ების ნაცადი ხერხია.

ე.წ. პირადობის მოწმობების საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენმა სამართალდამცავ ორგანოებს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები