იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრს, რეგისტრაციის მოთხოვნით, საქართველოში არსებული იმ 600 ორგანიზაციიდან, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს, 484-მა მიმართა. უწყების ინფორმაციით, რეესტრმა 165 ორგანიზაციის მონაცემები ოფიციალურად უკვე დაამუშავა და მათი რეგისტრაციის პროცესი საბოლოოდ დაასრულა, 195 განაცხადის განხილვა კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციაზე უარი 136-მა ორგანიზაციამ თქვა. ესენი კი, ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს დაინიცირების დღიდან აპროტესტებდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთ-ერთია იმ ორგანიზაციათა შორის, რომელმაც გამჭვირვალობის რეესტრს ბოიკოტი გამოუცხადა. საიას ხელმძღვანელი დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს. ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ კანონი პრობლემურია და ის უარყოფით გავლენას მათ შორის იმ ორგანიზაციებზეც ახდენს, ვინც სააგენტოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.
არასამთავრობოების ნაწილის მხრიდან რეგისტრაციაზე უარი, პრემიერ-მინისტრისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ორგანიზაციები გამჭვირვალობის მომხრეები არ არიან. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი მესამე სექტორის საქმიანობას არ ზღუდავს. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ორგანიზაციები, რომელმაც რეგისტრაცია რეესტრში გაიარა "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული არასამთავრობოები არიან. ოპოზიციაში კვლავ გამჭვირვალობის კანონის უარყოფით გავლენაზე საუბრობენ.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამჭვირვალობის რეესტრში ორგანიზაციათა რეგისტრაციის შესახებ არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული ჯგუფების ზეწოლამ სხვა ორგანიზაციებზე, შედეგი ვერ გამოიღო. "ქართული ოცნების" თქმით, პროცესმა საზოგადოებას მორიგ ჯერზე დაანახა, რომ ის არასამთავრობოები, ვინც გამჭვირვალობის კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საერთო რადიკალური მიზნით მოქმედებდნენ. საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საკანონმდებლო ორგანომ მაისში დაამტკიცა. რეესტრმა კი საქმიანობა პირველი აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყო. კანონი ეხება ყველა იმ ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.