ვაკეში, "აქსის თაუერსის" მე-18 სართულზე საგამოძიებო მოქმედებები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა აპარტამენტიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კრიპტოვალუტა და ძვირადღირებული ნივთები ამოიღეს. უძრავი ქონების მესაკუთრე ალექსანდრე ბერინსკია. ისრაელის მოქალაქე საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების ქსელის მთავარ ორგანიზატორად სახელდება. თაღლითობისა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ხელბორკილები დაადეს მის მეუღლეს, ნანა ბერისნკისაც.
ე.წ. ქოლცენტრებს თბილისის ცენტრში, კოსტავას და დოლიძის ქუჩებზე კონსპირაციულად ამუშავებდნენ. თაღლითური ორგანიზაციის თანამშრომლები ოფისში უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ საეჭვო არაფერი უნახავთ და არც თაღლითური ოფისის მუშაობის შესახებ აქვთ ინფორმაცია.
ცოლ-ქმრის - ალექსანდრე და ნანა ბერინსკების გარდა, დაკავებულია საქმის კიდევ ორი ფიგურანტი - იოსებ პალაგაშვილი და თორნიკე ჯიბლაძე. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სატელეფონო ზარების მეშვეობით არწმუნებდნენ, რომ ინვესტიციები მათ მიერვე შექმნილ ე.წ. საინვესტიციო პლატფორმებში დაებანდებინათ, რეალურად კი დიდი ოდენობით თანხები თაღლითების საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თბილისსა და უცხოეთში უძრავი ქონება შეიძინეს. დაკავებულები ბრალდებებს უარყოფენ.
პროკურატურამ უკვე დათვალა დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი. 1 მილიონ 634 ათასი დოლარი და 1 მილიონი ევრო - გამოძიების ინფორმაციით, ამ ოდენობით თანხა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამერიკის მოქალაქეებს მოტყუებით გამოსძალეს.
ბოლო წლებში, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა უკვე 100 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარს აჭარბებს.