სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც 27 ქვეყანას წარმოადგენს, 27-ვე ქვეყნის სახელით საუბრობს და მსგავს განცხადებას აკეთებს, - ასე შეაფასა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ევროკავშირის ელჩ პაველ
ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები.
კერძოდ, მან აქცენტი გააკეთა ელჩის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, “იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ, რომ საქართველო იყოს ერთპარტიული სახელმწიფო, არ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია, მაშინ საქართველო ვერავითარი გზით და ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი”.
ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში არავის უთქვამს, რომ ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ხელისუფლებას სურს “მეხუთე კოლონისგან”, რომლებიც გარე ძალების დავალებებს ასრულებენ, პოლიტიკური ველის გაწმენდა.
მისივე თქმით, ჰერჩინსკის შესაძლოა ამ განცხადების გამო, პასუხისმგებლობაც კი დაეკისროს, რადგან ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.
“საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ ინფორმირებულები არიან და საქართველოში არავის უთქვამს, რომ არ უნდა არსებობდეს ოპოზიცია. პირიქით ვართ ჩვენ განწყობილი, რომ აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაწმენდა იმ გარე ძალების მიერ მართული ორგანიზაციებისგან - პოლიტიკურ პარტიებს ვერ დავარქმევ, ეს არის პირდაპირ მეხუთე კოლონა, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებენ დავალებას. შესაძლოა, 27 ქვეყნის სახელით მოსაუბრე ჰერჩინსკის პასუხისმგებლობაც დაეკისროს, ვინაიდან არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ საქართველოს შიდა საქმეებთან დაკავშირებით, ეს ევროპარლამენტშიც გამოჩნდა. სხვადასხვა ევროპარლამენტარმა პირდაპირ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები პირდაპირი ჩარევაა [ქვეყნის შიდა საქმეებში] და დაანებეთ საქართველოს მოქალაქეებს თავი, თავად უნდა აირჩიონ ვინ სურთ ხელისუფლებაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. როცა შენ წარმოადგენ 27 ქვეყანას, არ გაქვს უფლება, რომ მსგავსი განცხადებებით გამოდიოდე.” - განუცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.