BBC ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტს, რომელიც საგანგებო დახმარების სამსახურში იმ სასტუმროდან განხორციელდა, სადაც One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი გარდაიცვალა. ბრიტანელი მომღერალი არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის პრესტიჟულ უბანში, პალერმოში მდებარე სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.
მომღერლის გარდაცვალებამდე, საგანგებო დახმარების სამსახურში სასტუმროდან ორი ზარი შევიდა. ზარების ავტორი, სავარაუდოდ, სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორია, რომელიც ამბობს, რომ მათმა ერთ-ერთმა სტუმარმა "ძალიან ბევრი ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო" და "მთელი ოთახი თავდაყირა დააყენა", შემდეგ კი კავშირი წყდება.
მეორე ზარის დროს, იგივე პირი საგანგებო სახმარების სამსახურს ეუბნება, რომ სტუმარი, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყოს, რადგან მის ნომერს აივანი აქვს. ის 911-ის ოპერატორს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოგზავნას სთხოვს.
ამის შემდეგ, სასტუმროში ადგილობრივი პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გაგზავნეს. პეინი აივნიდან პოლიციელების მისვლის შემდეგ გადავარდა.
BBC ავრცელებს იმ ზარების ტრანსკრიპტს, რომელიც სასტუმროდან საგანგებო მდგომარეობის სამსახურში განხორციელდა.
911: გამარჯობა, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ზარი სასტუმროდან: გამარჯობა.
911: რა ხდება?
ზარი სასტუმროდან: გამარჯობა, შუადღე მშვიდობისა, გირეკავთ სასტუმრო CasaSur Palermo-დან, რომელიც მდებარეობს Costa Rica [ქუჩა]-ს 6032-ში.
911: 6032? ეს არის Cramer [ქუჩა]-სა და...
ზარი სასტუმროდან: დიახ, სწორია, ეს არის Arévalo-სა [ქუჩა] და Dorrego [ქუჩა]-ს შორის. ჩვენ გვყავს სტუმარი, რომელმაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო და ანადგურებს მთელს ოთახს. გთხოვთ, ვინმე გამოაგზავნოთ.
911: გასაგებია, მითხარით, აგრესიულია? ბატონო, შეგიძლიათ გაიმეოროთ სასტუმროს სახელი? ბატონო?
კავშირი გაწყდა და მეორე ზარი განხორციელდა.
911: რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ზარი სასტუმროდან: გამარჯობა, შუადღე მშვიდობისა, ცოტა ხნის წინ დაგირეკეთ, მაგრამ კავშირი გაწყდა. გირეკავთ სასტუმრო CasaSur Palermo-დან, Costa Rica [ქუჩა]-ს 6032-დან.
911: რა ხდება ამ ადგილას, ბატონო?
ზარი სასტუმროდან: ჩვენ გვყავს სტუმარი, რომელმაც ძალიან ბევრი ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიიღო და, როცა არის გონზე, ანადგურებს მთელს ოთახს და გთხოვთ, ვინმე გამოგვიგზავნოთ.
911: იგი ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა ხომ, ბატონო?
ზარი სასტუმროდან: დიახ, სწორია.
911: თქვენ თქვით Costa Rica-ს ქუჩა, კერძოდ, რომელ ლოკაციაზე?
ზარი სასტუმროდან: Costa Rica-ს 6032.
911: ეს არის Arévalo-სა და Cramer-ს შორის?
ზარი სასტუმროდან: დიახ.
911: თქვენ თქვით, რომ ეს სასტუმროა, ხომ? რა ჰქვია?
ზარი სასტუმროდან: CasaSur Palermo, და გთხოვთ, სასწრაფოდ გამოგვიგზავნოთ ვინმე, რადგან არ ვიცი, შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყოს, სტუმარი აივნიან ოთახშია და ცოტა გვეშინია, რომ...
911: როდიდან იმყოფება სასტუმროში?
ზარი სასტუმროდან: ის აქ ორი ან სამი დღეა იმყოფება.
911: გასაგებია, სხვა დეტალები არ იცით, რადგან შიგნით შესვლა არ შეგიძლიათ, ხომ?
ზარი სასტუმროდან: დიახ
911: სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გამოვგზავნოთ?
ზარი სასტუმროდან: დიახ, გთხოვთ, ვინმე სასწრაფოდ გამოგვიგზავნოთ, რადგან...
911: ჩვენ გავაფრთხილეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. კიდევ რამე დეტალი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ? თქვენ ვინ ხართ, ამ სასტუმროში მუშაობთ?
ზარი სასტუმროდან: მე მთავარი ადმინისტრატორი ვარ.
911: ამ ადგილას მუშაობთ?
ზარი სასტუმროდან: დიახ, დიახ.
911: გადაცემულია ინფორმაცია. რა გქვიათ, ბატონო?
ზარი სასტუმროდან: ესტებანი.
911: გადაცემულია ინფორმაცია.
ზარი სასტუმროდან: კარგი.
911: გმადლობთ, შეგიძლიათ გაწყვიტოთ კავშირი.
ზარი სასტუმროდან: პოლიციასაც აგზავნით, ხომ?
911: პოლიციას და ადგილობრივ... მოიცადეთ, ერთი წამით... ადგილობრივ პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ზარი სასტუმროდან: არა, არა, მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ ეს.
911: გასაგებია, არ ინერვიულოთ, გადავეცით ინფორმაცია.
ზარი სასტუმროდან: დიახ, ძალიან კარგი, დიდი მადლობა.
911: თქვენ მითხარით, რომ [სტუმარი] ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნომერში მარტო ვერ შევა.
ზარი სასტუმროდან: მარტო ვერ შევა? კარგი, კარგი.
911: არა, ეს [იყო] პოლიციისთვის გადაცემული შეტყობინება. თუ პოლიცია მოვა, აუხსენით [რა ხდება], და თუ მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, გამოიძახებენ.
ზარი სასტუმროდან: ძალიან კარგი.
911: გადავეცით ინფორმაცია, დღეგრძელობას გისურვებთ, ბატონო.
ზარი სასტუმროდან: კარგი, მადლობა, თქვენც ასევე.
წყარო: BBC