საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ბულინგის თემას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და ამჯერად ყურადღების ცენტრში ჯგუფი „მგზავრები“ მოექცა, რომელმაც უარი თქვა თემქის დასასვენებელი სივრცის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობაზე. როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, მომღერლებმა ვერ გაუძლეს ბულინგს, რომელსაც მათ მიმართ უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები ახორციელებენ.
„თემქის პარკის სახით ერთ-ერთი ულამაზეს სივრცე შეემატება თბილისს და ამას ყველა ნახავს. ბევრი ინფორმაცია მოვისმინე ამის ირგვლივ. „მგზავრებმა“ საწყენია, რომ ვერ გაუძლეს მაქარაშვილების და ლომჯარიების ბულინგს. გამჭვირვალობის კანონის მიღებისას, ჩვენ თავად გამოვიარეთ ეს ბულინგი, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა.
ვინ არიან ეს ადამიანები - ამ კითხვით უნდა მივმართო სწორედ ჰერჩინსკის, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერაა დაფინანსებული ის ორგანიზაციები, რომლის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ბულინგს თუნდაც ქართველი სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენებს კი არ ეშინოდათ პასუხის გაცემის, არამედ ისინი იცავდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს. ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ ისინი? ეს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ სწორედ გარე დაფინანსებებით მოახდინონ საკუთარი მოქალაქეების ბულინგი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ფაშისტები და ბოლშევიკები მეტს არაფერს აკეთებდნენ - აპირისპირებდნენ ადამიანებს ერთმანეთს, მშობლებთან და აბულინგებდნენ. ეს სიმახინჯე უნდა აღვკვეთოთ სწორედ 26 ოქტომბერს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.