ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა სამტრედიელებს მიულოცა საფეხბურთო კომპლექსის გახსნა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, ბავშვს და ასეთ ბედნიერ სახეებს ვხედავ. მართლა ძალიან ბედნიერი დღეა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე კიდევ ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. მინდა ყველას განსაკუთრებული წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს სამტრედიაში ეს სტადიონი. კახა კალაძე არის, არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ის არის ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მან შექმნა ის ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება სჭირდება და ეს სტადიონი ამისთვის შექმნის საუკეთესო საშუალებას. მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, პირადად ლევან კობიაშვილს, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, FIFA-ს, UEFA-ს, რომელმაც მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს და ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გილოცავთ სამტრედიელებს და ყველას ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო კომპლექსის გახსნას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.