21 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ამომრჩეველთა გასამართლების ინიციატივა - არჩევნებამდე 9 დღით ადრე, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი საზოგადოებას მიმართავს

არჩევნებამდე 9 დღით ადრე, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი საზოგადოებას მიმართავს. თორნიკე მოლაშვილთან ერთად, სპეციალურ ბრიფინგზე ამომრჩეველს პასუხისმგებლობის გააზრებისკენ დღეს ნანა ქადაგიშვილმა, ლია კრიალაშვილმა და მანანა ვაზაგაშვილმაც მოუწოდეს. როგორც თავად ამბობენ, მათი ოჯახები სწორედ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მმართველობის დროს დაზარალდნენ, კარგად ახსოვთ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა და იმავე გზის გავლას არავის უსურვებენ.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივას, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროთ იზიარებენ სხვა ადამიანებიც, ისინი ვისთვისაც ყოფილი სახელისუფლებო პარტია დანაშაულთან ასოცირდება.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის, ამომრჩეველთა გასამართლების ინიციატივა მათი დაშინების მცდელობაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ამომრჩეველზე ზეწოლას ამ ფორმით ახდენს.

პოლიტიკური გემოვნების გამო, ამომრჩეველთა გასამართლება მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის“. თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.

ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლისთვის პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ინიციატივით, “ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები