21 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"მთავარის" დირექტორის სკანდალური წერილი - გიორგი ქურდაძის საჩივრის წერილები "რუსთავი 2-მა" ექსკლუზიურად გაასაჯაროვა

"მთავარი არხის" მოქმედი დირექტორის საჩივრის წერილები, "რუსთავი 2-მა" გაასაჯაროვა. საუბარია გიორგი ქურდაძეზე, რომელიც ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანადირექტორის პოსტს დღემდე იკავებს. ქურდაძე, ნიკა გვარამიას და არხის მოქმედ დირექტორებს, დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ტელევიზიის გავლით გადარიცხვებში ადანაშაულებს. ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2019-24 წლებში მთავარი არხის ანგარიშზე 8 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული კობა ნაყოფიამ "ნიუ სეილსის" გავლით შეიტანა. თანხებიდან, 2 მილიონი დოლარი საზღვარგარეთ, დანარჩენი თანხა კი საქართველოში, გაურკვეველი მიმართულებით გადაირიცხა. მოქმედ დირექტორს დღეს "მთავარი არხი" და მისი ექსკლუზიური პარტნიორი "ნიუ სეილსი" გაემიჯნენ. ორივე კომპანიამ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა.

კობა ნაყოფიას მხრიდან წამოსული მილიონობით დოლარი მთავარ არხში უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას ხელით შედიოდა, 2022 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც "მთავარ არხს" ინკასო დაედო, თანხები ტელევიზიის ანგარიშზე უკვე თეა გვარამიას კომპანია "ნიუ სეილსის" გავლით, ნაღდი ფულის სახით ხვდებოდა - ასეთია სქემა, რომელსაც "მთავარი არხის" დირექტორი ღია კანონდარღვევას უწოდებს. გიორგი ქურდაძის წერილებმა, მმართველ გუნდს "რუსთავი 2"-ის საქმე გაახსენა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გვრამიამ იდენტური სქემით, თანხები "რუსთავი 2"-დანაც გაიტანა, რის გამოც სასამართლომ დამნაშავედ ერთხელ უკვე ცნო.

რა მიზნით შედიოდა ტელეკომპანიაში ათეულობით მილიონი ლარი ე.წ. ქეში, რომელიც "მთავარი არხის" ბალანსზე არ რჩებოდა - ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხები აქვთ ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს ე.წ. შავი ფულია, რომლის ლეგალიზებაც ამ ფორმით მოხდა. ნაწილი კი გამოძიების საჭიროებაზე საუბრობს და გავრცელებული წერილების უკან ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.

გიორგი ქურდაძე, ტელევიზიაში ზაზა ოქუაშვილის ინტერესებს წარმოადგენს, ტელეკომპანიის ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა გვარამიას წლების წინ, სწორედ ოქუაშვილმა დაუთმო. ქურდაძის მამხილებელი განცხადებები დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველმა პირებმაც შეაფასეს. პოლიტიკური ლიდერები საბოლოო დასკვნების გამოსატანად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც გიორგი ქურდაძის წერილები "კურიერმა" გაასაჯაროვა, კამერებთან "მთავარი არხისა" და პარტია "ახალის" დამფუძნებელი არ გამოჩენილა. "რუსთავი 2-ის" ზარებს არ პასუხობს არც "ნიუ სეილსის" დირექტორი თეა გვარამია. თემაზე მუშაობის დაწყებიდან მალევე, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ე.წ. საერთო ჩატში მიწერილი დირექტივა, რომელშიც ყველა შესაძლო ფიგურანტს აფრთხილებდნენ, რომ ჟურნალისტებისთვის არ ეპასუხათ.

დღის ამბები