21 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

"მოგესალმებით ჩემო მეგრელებო და ჩემო სვანებო! დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მონატრებით მივესალმები ენგურს მიღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ.

სამეგრელოზე, სვანეთზე, აქაურ ისტორიასა და ადათ-წესებზე, ბუნებასა და ხალხზე საუბრით ქართველი კაცი არასდროს არ დაიღლება. თქვენი მხარე ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ განსხვავებული ხასიათისა და ტრადიციების, თუმცა უდიდესი წარსულის მქონე კუთხეების შვილები, რომლებიც ძალიან პატარა ტერიტორიაზე საერთო მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულნი.   

ამაყად მდგარი კავკასიონი ყველაზე დიდი ხნის მოწმეა, მეგრელების ნიჭიერება და გამჭრიახობა, სვანური სამართლიანობა და სიბრძნე როგორ ჰარმონიულად უთავსდება ერთმანეთს და მრავალფეროვან, თუმცა, საერთო ეროვნული ღირებულებების მქონე ხალხს ქმნის! ჩვენი სიძლიერეც ხომ სწორედ იმაშია, რომ ჩვენი განსხვავებულობით ვერთიანდებით საქართველოს გარშემო და ჩვენს სამშობლოზე ვზრუნავთ.

აქ ჩამოსულ სტუმრებს აკვირვებთ, როგორი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი წინაპრებისგან შემონახული ისტორია, ხელოვნება თუ არქიტექტურა, რაც ღია ცის ქვეშ, თვითნაბად და უნიკალურ, ერთგვარ მუზეუმს ქმნის. სამეგრელომაც და სვანეთმაც მრავალ ისტორიულ ქარტეხილს გაუძლო ისე, რომ აქაურ ხალხს არასდროს შეუწყვეტია საკუთარ მიწასთან, ტრადიციებთან და წინაპრების დანატოვართან კავშირი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ხელუხლებლად უნახავდნენ მომავალ თაობებს.

კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტერორისგან, დანაშაულებისგან და ძალადობისგან შეურაცხყოფილ ზუგდიდში შევხვდით. მართლაც, თქვენს მხარეში ყველაზე მეტად გამოვლინდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! მათაც განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეს, მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არც ერთ მტერსაც კი არ გაუკეთებია! - უკვე მრავალჯერ, ფაქტებით დადასტურდა, რომ იტაცებდნენ და ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ ცხედრებს უგზო-უკვლოდ აქრობდნენ, ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ უმწეო და დაუცველ ადამიანებს, პატიმრებსა და ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდა ბიჭებს!

დანაშაულის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ - ყველას უნდა სცოდნოდა, რომ თუ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“, სამეგრელოზე გაბატონებული ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა, ციხე, წამება და შანტაჟი ელოდა! ამ სინამდვილის პარალელურად კი ცინიკურად, პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ, სამეგრელო საკუთარი წარმატების, მაგალითად ექციათ და დანარჩენი ქვეყნისთვის ეს ეჩვენებინათ! მოქმედების მსგავსი ლოგიკა და აღქმების შესაქმნელად ცრუ სიმბოლოების გამოგონება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ხელწერაა! ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, უცხოელი პატრონებისგან დაფინანსებულმა და წაქეზებულმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მედიასაშუალებებმა, როგორ შექმნეს პარალელური რეალობა, თითქოს, 2003 წლის ნოემბრის მოვლენები არა ქვეყნის გარეთ ადგილობრივი და საგარეო აქტორების მიერ დაიგეგმა, არამედ მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილება რევოლუციურ განწყობებში გადაიზარდა, პროცესი კი წალენჯიხაში დაიწყო თითქოს და პირველი ნაბიჯებიც იქ გადაიდგა, რასაც მთელი საქართველო შეუერთდა.

ზუსტად იგივე ძალებს დღესაც იგივე სურვილი აქვთ - უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად, ისევ სიცრუისა და პროპაგანდის გამოყენებით, ყალბი სიმბოლოების შექმნით საზოგადოების დაყოფითა და დაპირისპირებით უნდათ ხელში აიღონ ძალაუფლება, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამოგვატარონ ის უბედურება, რაც საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ. მიუხედავად მათი სურვილისა, დღეს ამის განხორციელების არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ და ამის მთავარი მიზეზი ქართველი ხალხია! თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავად გააანალიზოს, რა არის სიმართლე, ვეღარავინ ახერხებს ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანას და საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესების განხორციელებაც შეუძლებელი გახდა!

დღეს, ერთადერთი გზა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება მოგიტანოს სიმართლე და ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეა! მხოლოდ ლამაზი სიტყვებით საუბარი მარტივია, თუმცა, თუ ამ სიტყვებს საკუთარი საქმიანობით არ ამყარებ, ყოველი მათგანი ფუჭია! ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმატების ერთ-ერთი გასაღებიც სწორედ ეს არის. ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე და ამ გზით მხარდაჭერის გაზრდაზე. „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით რთული გზა აირჩია და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ მხოლოდ!

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ! ეს არის ფაქტი და, რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს! საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ საკვანძო მიღწევებზე, რაც კონკრეტულად ამ რეგიონში გვაქვს და საქართველოში. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები.

როდესაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და მათი ცნობილი ხელწერით ცდილობენ, შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენ საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ. აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გავამახვილე ყურადღება, რომელშიც საქართველო უპირობო ლიდერია და თქვენც მინდა გაგაცნოთ საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება.

„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 11 წლიანი პროგრესით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა,  საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

 სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა  ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის IPSOS-ის ანგარიში ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან. დაფიქსირებული შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების სასამართლოების საშუალო ნდობა, რაც დაახლოებით 55% შეადგენს. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ საშუალო ევროპულზე მაღალია დღეს სასამართლოზე ნდობა ქართულ საზოგადოებაში.

 ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. არადა კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც საკუთარ ჯიბეს, ისე უყურებდა. მათმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, რვა მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად და ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა იმ ქართულ სასამართლოში განიხილება, რომელმაც „იფსოსის“ მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

 ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

 სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე - მესამე, ევროპაში კი - პირველ ადგილზეა.

 მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.  12 წელში რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მსოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია სიღარიბის შემცირების ნაწილში.

 ეს ყველაფერი არის იმ პროგრესის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ თქვენი, ქართველი ხალხის გვერდში დგომით მიაღწია. სწორედ იმიტომ, რომ  ქართული ოცნება ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც  საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.  ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.

ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია - უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა.  საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი რომ დავამატოთ, იმიტომ, რომ 2029 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.

 ქალაქ ბათუმში აღვნიშნე და თქვენც მინდა იგივე გითხრათ ჩემო მეგრელებო და სვანებო - არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რომ არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით. ჩამოთვლილი მიღწევები და სამომავლო, უაღრესად საიმედო პროგნოზები „ქართული ოცნების“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია. 12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები... კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო  მოცემულობის პარალელურად - უნდა გვახსოვდეს, რომ თუ  ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს.

სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ  ნანატრი ოცნება - ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო.  

ამის ერთადერთი გზა კი ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და ნდობის აღდგენაზე გადის. რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, არსებული რეალობა რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს! ამას, შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საპასუხოდ  არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს.

ამის საპირისპიროდ, უცხო ინტერესების შესაბამისი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კვლავ ომში ექაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს. ათობით ათას დევნილთან, ჩვენი გმირი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ქმედებებმა ქართველ და ოს თუ აფხაზ თანამოძმეებს შორის არსებული, გამთელებისკენ წასული იარა კიდევ უფრო გააღრმავა, შერიგების პროცესი კი დროში უფრო დაგვიანებული და რთული გახადა. ბიზნესის რეკეტის, დემონსტრაციების უმოწყალოდ დარბევის და ქუჩაში ახალგაზრდების უმიზეზოდ დახოცვის, ხალხის ხარჯზე კომფორტის მოწყობის, განსხვავებული აზრის დევნის, ციხეებში პატიმრების წამებისა და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის მიუხედავად, უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს! არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის აღმოფხვრა, გრძელვადიანი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირობებშია შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის შეუძლია. დღეს არსებულ ვითარებაში კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრული ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზაციას ახერხებს, არჩევანი ომის, ნგრევისა და ქაოსის მსურველ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი  მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტ „ქართულ ოცნებას“ შორის გვაქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება!

ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გამტარებელმა, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაბნეულმა აგენტებმა, ზუსტად იციან, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა, ღირებულებებისგან ხალხის დაცლისა და საზოგადოების მორალური გადაგვარების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების საკითხს კონსტიტუციაში ავსახავთ და კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!

გარდა ამისა, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება! რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავადაც კი არ შეიცვლება!

დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხარეს მდგარ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს.

შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც არ უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო! საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!

გაუმარჯოს სამეგრელოს და სვანეთს! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები