21 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
12 დღე არჩევნებამდე - სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულმა ტექნიკურმა მთავრობამ ოპოზიციაში კონსულტაციები გაართულა

სალომე ზურაბიშვილი ისევ არ ამბობს, კონკრეტულად როდის დაასახელებს ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და ვის მოიაზრებს გარდამავალ პერიოდში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. თქვა ერთი და მხოლოდ ორბელიანების სასახლიდან, რომ ყველას ვინაობას არჩევნებამდე, ბოლო რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს. არ დავიწყებია ულტიმატუმიც, ადრესატი ამჯერად ოპოზიციაა. პრეზიდენტი ითხოვს, ქარტიის ყველა პუნქტს მხარი დაუჭირონ, ან ხელმოწერები უკან წაიღონ.

ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია გახარიას გუნდისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ ორბელიანების სასახლეში, კონსულტაციებზე საკუთარი პირობებით მივიდა. ექსპრემიერის პარტია, არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის დასახელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის შემადგენლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ იქნებიან.

ერთადერთი კოალიცია, ვინც ზურაბიშვილის ინიციატივას უპირობოდ თანხმდება გვარამია-მელიას გუნდია. თუმცა განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. 26 ოქტომბრამდე, ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას არ განიხილავს ხაზარაძე-ჯაფარიძის გაერთიანება. პარტიაში “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" კი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის ნაჩქარევი და მოუმზადებელი ნაბიჯები, პრობლემებს თავად ოპოზიციას შეუქმნის.

ზურაბიშვილის ქარტიას ხელს არ აწერს და მას დამაზიანებელ დოკუმენტად მიიჩნევს “გირჩი“. პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციას საბოლოოდ ჩამოშლის.

ზურაბიშვილის ინიციატივა უსაფუძვლო და აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მიზანი ქვეყანაში რადიკალური სცენარის განვითარება, არეულობა და ქაოსია. პრემიერ - მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის გეგმა წარუმატებელი იქნება, რადგან ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, ოპოზიციურ პარტიებს კი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად 12 დღე რჩება, თუმცა ორბელიანების სასახლის კარი დღეს არავისთვის გაუღია. როდის განახლდება ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები