2024 მსოფლიოში არჩევნების წელია, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ დიდ გავლენას იქონიებს აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ისევ ისრაელია, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის.
ჩრდილოეთით ჰეზბოლა, სამხრეთით ღაზა, აღმოსავლეთით ირანი - ისრაელის მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად განგაშის სიგნალი ისმის - ქვეყანა ისევ ემზადება ირანზე დასარტყმელად. თეირანი ომისთვის მზადაა - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელის პრემიერმა კი გაეროს გენერალურ მდივანს სამხრეთ ლიბანიდან სამშვიდობოების გაყვანისკენ მოუწოდა.
“კურიერი პიესის“ ობიექტივში ამჯერად იერუსალიმია, რელიგიური კონფესიების გზაჯვარედინი და ქალაქი, სადაც ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო იმალება.
ქალაქში განგაშის ხმას დროდადრო, სხვადასხვა ენაზე მომლოცველი ადამიანების ლოცვა ცვლის. წმინდა მიწაზე ახლა ებრაელი, ქრისტიანი და მუსლიმიც მშვიდობისთვის ერთად ლოცულობს.
ებრაელები ტრადიციულად გოდების კედელთან იკრიბებიან, სადაც მათთვის უმნიშვნელოვანესი წმინდა ადგილია. ისინი “კურიერი პიესს“ უყვებიან, რომ საომარი მოქმედებების მიუხედავად თავს იერუსალიმში დაცულად გრძნობენ. ამ ხნის განმავლობაში არც ლოცვა შეწყვეტილა და არც ომს ჩამოუგდია შუღლი მორწმუნეებს შორის მრავალრელიგიურ ქალაქში.
აქ ებრაელები და არაბები ერთმანეთის გვერდიგვერდ ლოცულობენ. ლოცულობენ პალესტინაში დარჩენილ ოჯახის წევრებზე და ღაზის გვირაბებში დატყვევებულ ადამიანებზე.
ქალაქ ლოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქართველი ემიგრანტები ხშირად დადიან. მამა მარეკლოსი ტაძრის წინამძღოლია. მსახურება ადგილობრივი მართლმადიდებლური თემისთვის არაბულ ენაზე ყოველ შაბათ-კვირას ტარდება. ქართველი ემიგრანტები გვიყვებიან, რომ არაბი ქრისტიანები იმის უფლებასაც აძლევენ, რომ წირვა-ლოცვის დროს მამაო ჩვენო და გალობა ქართულ ენაზე იყოს.
იერუსალიმი ორი ერის დედაქალაქი და სამი რელიგიის ტაძარია. სწორედ წმინდა ქალაქია ადგილი, რომელშიც ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო იმალება.
ავტორები: ლიკა ალელიშვილი, ტატო კახიძე