პარლამენტთან შეკრებილმა შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა სახელმწიფოს ინიციატივით გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. აქციის ორგანიზატორებს მედიატორი დეპუტატი რატი იონათამიშვილი და “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენელი თემურ ხონელია შეხვდნენ.
შეთანხმდნენ, რომ მედიატორის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. შეხვედრის მიზანი კომისიური წესით პრობლემური საკითხის შესწავლა, გადაწყვეტილების მიღწევა და შედეგად პროცესის დაწყებისთანავე პროტესტის დასრულებაა. შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ აქციის მონაწილეები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ გამოკვლევები ჩაუტარდათ, საჭიროების შემთხვევაში კი რეაბილიტაციის კურსს გაივლიან.
“შედგა შეხვედრა სახელმწიფო წარმომადგენელს, მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენელს შორის. შევთანხმდით, რომ გადავიდოდით სამუშაო რეჟიმზე. გავცვალეთ ინფორმაცია. შიმშილობის პროცესი შეწყდა, მაგრამ გრძელდება აქცია. რამდენიმე დღეში შევხვდებით ისევ და საქმიან გარემოში გავცვლით ინფორმაციას,“ - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა, ჯანიკო ლაბაძემ.
რატი იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადავიდა სამუშაო ფორმატში.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადავიდა სამუშაო ფორმატში. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ბოლომდე გავუწევთ მოდერაციას. ჩვენ მხარეთა დაახლოებით, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც დგას, იქნას ბოლომდე მიყვანილი და ამ პროცესში ბოლომდე ვიქნებით ჩართულნი," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ პოზიციას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია საკითხი დარეგულირდეს.
“კომპანია მზად არის კომისიას წარუდგინოს სრული ინფორმაცია და ხედვა არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. მათ შორის, გამოსავლის იმ ხედვებზე და გადაჭრის გზებზე, რომელიც აუცილებელია, რომ დარეგულირდეს ერთხელ და სამუდამოდ. მივესალმებით სახელმწიფოს ჩართულობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ იქნება ნაყოფიერი მუშაობა,“ - აღნიშნა “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ხონელიძემ.