21 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს მმართველ გუნდში ეხმიანებიან

“რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა“- ასე ეხმაურება ქვეყნის პირველი კანონმდებელი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიში, რომელიც 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, დადებითად აფასებს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას. ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც საარჩევნო სიას, დავების მოგვარებას, ამომრჩევლის და კანდიდატების უფლებებს უკავშირდება. სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან გამოწვევად ასახელებს პოლარიზაციას როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე მედიაში.

შუალედურ დასკვნაში მწვავე გზავნილები ამოიკითხა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მძიმეა და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

სახელისუფლებო გუნდი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან ცრუ ბრალდებებზე საუბრობს. ამბობენ, რომ დასკვნა ქვეყანაში პროცესების დემოკრატიულ მიმდინარეობაზე მიუთითებს.

სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია არჩევნებში, ქართული ოცნების გამარჯვებით და ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებით დასრულდება.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის 26 გვერდიანი ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა.

დღის ამბები