21 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
წინასაარჩევნო კამპანია აშშ-ში - მარათონი ამერიკის შეერთებულ შტატებში კულმინაციას აღწევს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სტიქიის შედეგად დაზარალებული შტატების რესპუბლიკელი გუბერნატორები შეაქო და სტიქიის არაეფექტურად მართვაში ბაიდენი და ჰარისი დაადანაშაულა.

ბრალდებათა სერია ტრამპმა ქარიშხალ “ჰელენის“ გადავლისთანავე დაიწყო და მიზანში პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ამოიღო. ირწმუნებოდა, რომ ფედერალური მთავრობა, ჩრდილოეთ კაროლინაში, რესპუბლიკელებით დასახლებულ რაიონებს არ ეხმარება. პენსილვანიაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მათთვის, ვინც სახლი დაკარგა, ფედერალური მთავრობა მხოლოდ 750$-ის კომპენსაციის მიცემას აპირებდა. მთავარი ბრალდება კი საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტოს - “ფიმა“-ს ბიუჯეტის მოპარვაში, ბაიდენის და ჰარისის დადანაშაულება იყო.

არალეგალებს ხმის მიცემა არ შეუძლიათ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტების გადამმოწმებელმა ჯგუფებმა არ დაადასტურა არც ვერტმფრენების არქონა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც 146 სამაშველო რეისი შესრულდა. უსაფუძვლოა ბრალდებაც “ფიმას“ ბიუჯეტის არალეგალთა დაბინავებაზე დახარჯვის შესახებ. კონგრესმა საგანგებო სიტუაციების მართვის და მიგრანტების ბიუჯეტი ცალ-ცალკე დაამტკიცა. ტრამპის ბრალდებებს აჰყვა მისი თანაგუნდელიც, შეთქმულების თეორიების მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი კონგრესის ქვედა პალატიდან მარჯორი თეილორ გრინი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციას ამინდის კონტროლი შეუძლია.

კამალა ჰარისის და დონალდ ტრამპის ახალი დებატები აღარ გაიმართება. მორიგ დებატებზე უარი დონალდ ტრამპმა თქვა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სადებატო აღარაფერია. ჰარისმა ტრამპის უარს ირონიულად უპასუხა.

ჰარისის მხარდასაჭერად მერყევ შტატებში შეხვედრები დაიწყო ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც პარტიაში პოპულარულია. დემოკრატები ფიქრობენ, რომ კამპანიის ფინალურ ეტაპზე, ობამა ახალგაზრდა ამომრჩევლის მოტივირებას შეძლებს. ეკონომისტის და იუგოვის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს მთელი ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს. მერყევ შტატში, პენსილვანიაში გამარჯვება, ამ არჩევნებზე გადამწყვეტია. თუ ტრამპმა ის ჯორჯიასთან და ჩრდილოეთ კაროლინასთან ერთად მოიგო, თეთრ სახლში დასაბრუნებელი გზა გახსნილი აქვს. ჰარისის მიერ პენსილვანიის, ვისკონსინის და მიჩიგანის მოგებით კი ის დიდი ალბათობით, ქვეყნის ისტორიაში პირველ ქალი პრეზიდენტი გახდება.

დღის ამბები