21 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"დაგეგმილია სატერმინალო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს, 5 მილიონამდე მგზავრს მოვემსახუროთ " - ლევან დავითაშვილი ქუთაისის აეროპორტზე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ამასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დღეისათვის არსებული 2.5 კილომეტრის ნაცვლად, ჩვენ გვექნება 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ დასაფრენი ზოლი, რომელიც ყველა ტიპის ავიახომალდს მოემსახურება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ როგორც მგზავრების ნაკადი გავზარდოთ ქვეყანაში, ქუთაისში, ასევე, ქუთაისს მიეცემა საშუალება, რომ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი. პარალელურად, როგორც იყო აღნიშნული, დაგეგმილია სატერმინალო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გაზრდაც, რაც პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს, რომ 5 მილიონამდე მგზავრს მოვემსახუროთ," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო.

"ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ქართული ავიაციის ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციები ისტორიულ ნიშნულზეა. დადგა დრო, დავიწყოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი და პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საფუძველი ჩავუყაროთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის, უმაღლესი კატეგორიის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე," - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
 
დღის ამბები