იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ეროვნულ მუზეუმშია - უნიკალური წიგნის ნახვა დამთვალიერებელს ხვალიდან შეეძლება. იქამდე ხელნაწერი საპატრიარქოში გახსნეს, ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრიც.
წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტია დატანილი. ძველი ნაწერი, დასავლური არამეული დიალექტია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერშია შემორჩენილი - მეათე საუკუნეში იოანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით გადააწერა.
წიგნი მილიონ 250 000 გირვანქა სტერლინგად ლონდონის კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცა.
"ძალიან მდიდარია იოანე ზოსიმეს ხელნაწერები ანდერძებით და მინაწერებით, ის მინაწერი შემთხვევითი არ არის, გარკვეულ მოვლენას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული შესწავლის საგანი გახდება და ძალიან რთული იქნება, იმიტომ, რომ ნიჭიერი ადამიანის ნაწერის ასე გაშიფვრა და გადმოტანა, რას ფიქრობდა ის ადამიანი, არ არის მარტივი", - აცხადებს ექსპერტი გიორგი მარსაგაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე