21 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ეკა სეფაშვილი: 24 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში თავშივე წერია, რომ ის მხოლოდ მათ აზრს ასახავს და არა მთლიანად - ევროსაბჭოს დამოკიდებულებას

უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ისაუბრა, რომელიც ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მიერ მომზადდა და რომელსაც 24 ევროპარლამენტარი აწერს ხელს.

სეფაშვილის თქმით, 24 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში თავშივე წერია, რომ ის მხოლოდ მათ აზრს ასახავს და არა მთლიანად - ევროსაბჭოს დამოკიდებულებას.

მისივე თქმით, ერიკ კროსი 2007 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო უსაფრთხოების, მედიაურთიერთობებისა და ინფორმაციის გავრცელების საკითხებში, რაც ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერების მიმართ საფუძველშივე ეჭვს ბადებს.

"612 ევროპარლამენტარიდან მხოლოდ 24 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილი, ცოტა არ იყოს, უცნაური ტექსტი გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტს დასაწყისშივე მითითებულიყო აქვს, რომ ეს არის კონკრეტულად 24 ევროპარლამენტარის და არა მთლიანად - ევროსაბჭოს აზრი.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სპეციალურად ისეთი ტონით არის დაწერილი, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ რაღაც საშინელება ხდება საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს რეალობა არ არის. ეს არის გარკვეული ძალების მიერ შექმნილი დოკუმენტი იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნების პროცესზე რამენაირად გავლენა მოახდინონ. ეს არის საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში უხეში ჩარევა, რაც დაუშვებელი და მიუღებელია.

აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი და 24 დეპუტატის მომბილიზებელია ერიკ კროსი, რომელიც 2007 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო უსაფრთხოების, მედიაურთიერთობებისა და ინფორმაციის გავრცელების საკითხებში, რაც ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერების მიმართ საფუძველშივე ეჭვს ბადებს.

ასევე, ამ პიროვნებამ, ერიკ კროსმა, 2013 წელს პრეზიდენტ სააკაშვილისგან ბრწყინვალების ორდენი მიიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ კროსი პირდაპირ დაკავშირებულია "ნაცმოძრაობასთან“ და მათ დავალებებს ასრულებს. დანარჩენ 24 დეპუტატებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი.

ასეთი ტიპის დოკუმენტის გამოქვეყნება, ევროსაბჭოს წესდების მიხედვით, სავსებით შესაძლებელია, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, დოკუმენტის დასაწყისშივე მითითებულია, რომ ეს არის 24 ევროპარლამენტარის აზრი და არ ასახავს სხვა ევროპარლამენტარებისა თუ ზოგადად, ევროსაბჭოს აზრს და დამოკიდებულებას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები