21 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი ხელმოწერილია - რას გულისხმობს ცვლილებები

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი ძალაში, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა. სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ, 19 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ამოქმედებაზე პასუხისმგებლობა შალვა პაპუაშვილმა აიღო.

ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ერთსქესიანთა ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ე.წ ლგბტ პროპაგანდას, სპიკერის თქმით, ეროვნულ ღირებულებებს ეფუძნება. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, გავრცელებულ განცხადებაში თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონზე სახალხო რეფერენდუმი 17 მაისს შედგა.

საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო, ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარი დარჩა ისიც, თუ რატომ არ გამოიყენა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება და რატომ არ წარუდგინა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები.

ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი, სალომე ზურაბიშვილს. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, მიღებული კანონი კი ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას იცავს.

"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონი, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.

დღის ამბები