21 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"ქართული ოცნება" არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, ღირსების გარანტიც, ისეთი ტიპის არც თხოვნას და არც დავალებას შევასრულებთ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი იმ მთავარი გამოწვევის შესახებ საუბრობს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. როგორც "დღის კურიერის" ეთერში ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, მთავარი გამოწვევა მშვიდობის შენარჩუნებაა და სწორედ  "ქართული ოცნება" არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. 

"მთავარი გამოწვევაა მშვიდობის შენარჩუნება. რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში და როგორ რთულად არის ვითარება. ძალიან გამოცდილი ექსპერტები რომ ამბობენ, რომ მსოფლიოში არის მესამე მსოფლიო ომის რისკი, ღმერთმა გვაშოროს, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ არ მოხდება. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, ვინარჩუნებთ მშვიდობას იმ ზეწოლის და წნეხის ფონზე, რასაც ჩვენი მოქალაქეები აკვირდებიან, რომელიც გრძელდება უკვე 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში. შესაბამისად, "ქართული ოცნება" არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი, ღირსების გარანტიც "ქართული ოცნებაა", როდესაც ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ გვკარნახობს.

რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებისგან რჩევას, თხოვნას ყოველთვის გავითვალისწინებთ და მაქსიმალურად შევეცდებით ხოლმე, რომ ეს თხოვნა და რჩევა იყოს დაკმაყოფილებული. მაგრამ, როდესაც მოდის ისეთი ტიპის თხოვნა და მით უმეტეს მითითება, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ამას არასდროს არ გავითვალისწინებთ და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა მხოლოდ საქართველოში. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და წინა ხელისუფლებას შორის, როდესაც ისინი ნებისმიერ დავალებას, როგორც არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყანა, უსიტყვოდ ასრულებდნენ, ჩვენ ასეთი ტიპის არც თხოვნას და დავალებას არ შევასრულებთ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები