21 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სტაბილურობის შენარჩუნება, რეგიონში არსებული გამოწვევები - სომხეთის პრემიერის ვიზიტი თბილისში

სომხეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი თბილისში - ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძემ, მიმდინარე წლის მარტში, ერევანში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა უდევს საფუძვლად. 

საქართველო-სომხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა რომ, ორმხრივ ინტერესებთან ერთად, საერთო პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება, ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერმა. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს.

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესს და კვლავ დაადასტურა მზაობა, ქვეყანამ შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების საკითხში. საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა. მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი უკვე დატოვა

 

დღის ამბები