7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის მატჩს, რომელიც მესხის სტადიონზე გაიმართება, დედაქალაქის მერი თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, თამაშის მესხის სტადიონზე ჩატარება, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა როგორც უსაფრთხოების, ასევე ორგანიზაციული კუთხით.
თბილისის მერის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი აბსურდული და ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.
მისივე თქმით, გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე შესაბამისი სივრცე და დიდი ეკრანი მოეწყობა.
"ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული აბსოლუტურად ყველა ბილეთი. შესაბამისად, კარგად მესმის გულის ტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ.
ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციები, თითქოს მატჩის გამართვა დინამოს სტადიონზე სრულად უსაფრთხოა, პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ არ არსებობს თითქოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. მე არ შევალ დეტალებში და არ გავაკეთებ რაიმე ტიპის განცხადებას აღნიშნულ სპეკულაციებთან დაკავშირებით.
მე ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვაპირებ რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთოთ ღია ჩვენება. 7 სექტემბერს, საღამოს, ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს", - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.