25 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი - ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა - გია ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, თუმცა "ეს არ ათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა".
 
მისივე თქმით, რუსეთმაც კარგად იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც დაასახელა, ახლა კი, დასადგენია, ამის მიღმა რა პროცესებიც მიმდინარეობდა.
 
"რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თვითონ აწყობს. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან, რა მიზეზითაც ეს ყველაფერი მოხდა. შეეძლო თუ არა, თავი აერიდებინა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ კონკრეტული ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელზეც შემდეგ საერთაშორისო სასამართლოში მრავალწლიანი ბრძოლა მოგვიწია მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებებიც კი დაგვიმალა სააკაშვილის ხელისუფლებამ. ამაშია საქმე და რუსეთის ისეთ განცხადებას გააკეთებს, როგორიც თავად აწყობს, მაგრამ ეს რუსეთმაც და ყველამ კარგად იცის უკვე, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა ის აგრესორადაც და ოკუპანტადაც.
 
ახლა ცდილობენ, რომ რუსებმა, რადიკალურმა ოპოზიციამ, "ნაცმოძრაობამ", როგორც სჩვევიათ ხოლმე, სათავისოდ გამოიყენონ და განცხადებები აკეთონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით კი, ბოლო დროს, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რომელიც "ოპოზიციის წისქვილზე ასხამდა წყალს", რაც კითხვის ნიშნებს აჩენს.

"ოპოზიციისგან მიჩვეულები ვართ, რომ ყველაფერს რუსულს უწოდებენ. ბოლოს, შობასაც რუსული დაარქვეს.

რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. თუ დააკვირდებით ბოლო თვეებში გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც დემონსტრაციები იყო ქუცაში ქართულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულს უწოდებდა ოპოზიცია, ნებისმიერი ტიპის განცხადება, რაც კეთდებოდა რუსეთის მხრიდან, აბსოლუტურად ყველა განცხადება ასხამდა ოპოზიციის წისქვილზე წყალს. შესაბამისად, ისეთი კავშირები არის ოპოზიციასა და რუსეთს შორის, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები