22 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საქართველოს პარაოლიმპიურ ნაკრებს - პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს

თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე, პარასპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარაოლიმპიურ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა და დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, წარმატებები გისურვოთ, პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე. თქვენ ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად პარიზის პარაოლიმპიადაზე, თქვენ განასახიერებთ ჩვენი ხალხის საუკეთესო თვისებებს და წარმოადგენთ ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის გაუტეხელ და დაუმარცხებელ სულს.

ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომელიც თქვენ თავდაუზოგავი შრომით მოიპოვეთ და თქვენ შეძელით შეუძლებელი სპორტული მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე. თქვენ ისეთი გამოწვევები გადალახეთ, რომელიც შეიძლება, ბევრისთვის იყო თავიდან წარმოუდგენელი, თუმცა თქვენი ნიჭიერებით, ნებისყოფით ყველას აჩვენეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი. შესაბამისად, თქვენ უკვე გამარჯვებული მიდიხართ ამ პარაოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა ცხადია, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი მიღწევები თქვენგან და დარწმუნებული ვარ, ეს პარაოლიმპიური თამაშები იქნება წარმატებული ჩვენი ნაკრებისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ, წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის მზერა იქნება მიმართული პარიზისკენ და თქვენი ასპარეზობისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პარაოლიმპიური სპორტის ხელშესაწყობად და პარასპორტსმენებს პარიზში ასპარეზობისას წარმატებები უსურვა.

"იცით, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს ზოგადად ქართული სპორტის დასახმარებლად, მათ შორის, პარაოლიმპიური სახეობებს. 2012 წლამდე სპორტის ორ სახეობაში მხოლოდ 3 სპორტსმენი გვყავდა, თანდათანობით ვითარდება პარაოლიმპიური სახეობები და დღეისათვის პარაოლიმპიური კომიტეტი 15 სახეობაში მოასპარეზე 350 სპორტსმენს აერთიანებს. ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ასეთი მაჩვენებელი პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე - 6 სახეობაში 14 პარასპორსტმენი იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სპორტის მხარდაჭერის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ის, რომ გავეცით დაპირება ჩვენს ოლიმპიელებზე პრემიებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოქროს მედალზე დაწესებულია მილიონიანი პრემია ჩვენი ოლიმპიელებისთვის, ნახევარი მილიონი - ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 000 ლარია დაწესებული ბრინჯაოს მედლის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზუსტად იდენტური პრემიები იქნება დაწესებული პარაოლიმპიურ თამაშებზე თქვენი წარმატებისთვის.

მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება. ჩვენი მზერა, თავიდან ბოლომდე, თქვენკენ იქნება მოპყრობილი და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულები დაგიბრუნდებით თბილისში,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

დღის ამბები