401 მომხრე - 284-ის წინააღმდეგ - ურსულა ფონ დერ ლაიენი ისევ ევროკომისიის პრეზიდენტია. მეორე ვადით მის არჩევას მხარი საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრამდე, ლაიენმა კანონმდებლებს საკუთარი პროგრამა წარუდგინა, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 5 წელი გეგმავს. ევროკომისიის ახლად არჩეული პრეზიდენტის პრიორიტეტებშია ევროკავშირის გაფართოება. ამ კონტექსტში საქართველოც ახსენა და თქვა, რომ გაერთიანებამ, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას მტკიცე ერთგულებით უნდა აჩვენოს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. ამ ფაქტს მისმა მხარდამჭერებმა სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ლაიენის არჩევა ევროპარლამენტისთვის სტაბილურობის გარანტია იქნება. ლაიენი მილოცვებს იღებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, საქართველოდანაც. ევროკომისიის პრეზიდენტს მეორე ვადა მიულოცა სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიასთან მომავალი თანამშრომლობა გაძლიერდება.
არჩევნებამდე კი სტრასბურგში დებატებმა ხმაურის ფონზე ჩაიარა.
სიტყვით გამოსვლის დროს, პარლამენტის გარკვეულმა წვერებმა ლაიენი გენოციდის მხარდაჭერაში, მიგრაციის კრიზისისა და მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგ არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. პოლონელმა დეპუტატმა ლაიენს ისიც კი უთხრა, რომ მისი ადგილი არა ევროკომისიაში არამედ ციხეშია. ამ სიტყვებმა კი დარბაზში ხმაური რამდენჯერმე გამოიწვია.
ხმაური და ინციდენტი მოყვა ფრანგი დეპუტატის ვალერი ჰეირის გამოსვლასაც ევროპარლამენტში. კანონმდებელს რომელიც მოითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპულ ქარტიაში აბორტის უფლებაზე ცალკე ჩანაწერის გაკეთებას, ულტრამემარჯვენეებმა სიტყვა შეაწყვეტინეს. შექმნილი ხმაურისა და ქაოსის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე დეპუტატი დარბაზიდან გააძევა.
ლაიენის მეორე ვადით მოსვლამდე, დასავლური პრესა ევროკავშირში არსებულ სკანდალზე აქტიურად წერდა. პოლიტიკოს წყაროების ცნობით, შარლ მიშელი ურსულა ფონ დერლაინს თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევის გზაზე, ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა და ევროკავშირის გავლენიან ფიგურებს არწმუნებდა, რომ ლაიენისა და მისი პოლიტიკისთვის მხარი არ დაეჭირათ.