22 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
სამოქალაქო თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანოზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული სამოქალაქო თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 86,9%-ი მიიღო და 2012 წლის შემდეგ შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

ამ გრძელვადიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 12 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო სამოქალაქო თავისუფლების დაუცველობით ევროპის ყველაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნების სამეულში იყო რუსეთთან და ბელარუსთან ერთად.

ჩვენს ქვეყანას მაშინ მსოფლიოში 97-ე პოზიცია ეკავა, 2012 წლის შემდეგ კი საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41 (!) ადგილით დაწინაურდა. ინდექსის ოფიციალური განმარტების მიხედვით:

"სამოქალაქო თავისუფლება გაგებულია, როგორც ლიბერალური თავისუფლება, სადაც თავისუფლება არის ინდივიდის კუთვნილება. სამოქალაქო თავისუფლება არის სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის არარსებობა და მთავრობის მიერ კერძო თავისუფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის არარსებობა."

2023 წლის შედეგებით საქართველო სამოქალაქო თავისუფლების რეიტინგში უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს და განვითარებულ ქვეყნას, კერძოდ: პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, სინგაპურს, თურქეთს და ყველა მეზობელ ქვეყანას. "დემოკრატიის მრავალფეროვნება" (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათაო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონალური მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.

დღის ამბები