დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს შენიშნეს, როგორ აცოცდა შეიარაღებული ადამიანი სახურავზე, რაზეც თვითმხილველებმა პოლიციელებს მიანიშნეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა - ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
შეიარაღებული მამაკაცი დაინახა ადგილობრივმა პოლიციელმაც, თუმცა როგორც ბატლერის ოლქის შერიფი აცხადებს, სამართალდამცველმა ეჭვმიტანილის შეჩერება ვერ შეძლო. FBI-ის დასკვნის მიხედვით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გამოძიების ფედერალურ ბიუროში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავენ.
თავად დონალდ ტრამპი კი საპრეზიდენტო კამპანიის გაგრძელებას კიდევ უფრო აქტიურად აპირებს. თავდაპირველად, ყოფილი პრეზიდენტი ვისკონსინის შტატში დაგეგმილი ვიზიტის რამდენიმე დღით გადადებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა და ის ამჟამად უკვე მილუ-ოკიშია. სწორედ აქ, მიმდინარე კვირას "რესპუბლიკელების" ეროვნული ყრილობა შედგება და ტრამპს პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტის მოტივების და დეტალების დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა ამერიკის პრეზიდენტმა. მოგვიანებით, ბაიდენმა ამერიკელ ხალხს ოვალური კაბინეტიდან მიმართა.
"ახლა საჭიროა ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები და მოქალაქეები ვართ. რაც მთავარია ჩვენ ამერიკელები ვართ და ერთად უნდა დავდგეთ. ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შემდეგ, საჭიროა, ყველამ უკან გადადგას ნაბიჯი. გავიაზროთ სად ვართ, და წინ აქედან როგორ მივდივართ. საბედნიეროდ ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა. მე მას ვესაუბრე, მადლობელი ვარ რომ ის კარგად არის.უთანხმოება ამერიკულ დემოკრატიაში გარდაუვალია. ეს ადამიანის ბუნების ნაწილია. მაგრამ პოლიტიკა არასოდეს არ უნდა იყოს პირდაპირი ბრძოლის ან მკვლელობის ველი.ამერიკაში მსგავსი ან ნებისმიერი სახის ძალადობის ადგილი არ არის", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.