25 ნოემბერი 2024,   10:07
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, თქვენ მომავალი გენერალური პროკურორი ხართ და წინასწარ გილოცავთ" - საპროკურორო საბჭოში პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებისას პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა

საპროკურორო საბჭოში პროკურორობის კანდიდატებთან დღევანდელ გასაუბრებას პოლიტიკური განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია. საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციიდან წარმოდგენილია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი.

თავდაპირველად პოლიტიკური განცხადება იაგო ხვიჩიამ გააკეთა, რომელმაც პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ მიულოცა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მომავალი გენერალური პროკურორი ხართ და წინასწარ გილოცავთ ამას. იმიტომ, რომ ამ სისტემაში სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი მეჩვენება, რომ მართლა სერიოზულად ვარჩევდეთ გენერალურ პროკურორს, ეს რთული ამბავია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას "ქართული ოცნებიდან" რატი იონათამიშვილმა უპასუხა, მისი თქმით, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და "თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება."

"ბატონმა იაგომ ნახევრად პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სანამ კენჭისყრაზე გავა გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი, მანამდე განიხილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომ ამ პროცესში ვიქნებით ჩართული და მივიღებთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ხოლო, ის, თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის ბიოგრაფიასა და კვალიფიკაციაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება. ასე, რომ ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება კანონის დაცვით და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით საქართველოს პარლამენტში," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოს წევრებთან პროკურორობის კიდევ ერთ კანდიდატის გასაუბრება ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბჭოს წევრების შეკითხვებს გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა. გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა და ამ პოსტზე უკვე 11 წელია მუშაობს, საბჭოს ჯერ უწყების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო, შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გაბიტაშვილის კანდიდატურა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა წარადგინეს. საერთო ჯამში წარდგენილია 11 კანდიდატი, აქედან 5-ს უკვე მოუსმინეს. საბჭო ფარული კენჭისყრით სამს შეარჩევს, შემდეგ კი, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

დღის ამბები